წესები და პირობები

ხელშეკრულების მხარეები:

„ოპერატორი“:

კომპანიის დასახელება

შპს „გლობალ სელ“

საიდენტიფიკაციო კოდი

204567085

მისამართი

.თბილისი, მარი ბროსეს ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი სახლი ოპერასთან

დირექტორი

გიორგი მადუაშვილი


„აბონენტი“:

სახელი, გვარი (ორგანიზაცია)

 

პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი

 

მისამართი (რეგისტრაციის ადგილი)

 


1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისათვის გამოყოფილ (გაცემულ) სატელეფონო ნომერზე (მისი მეშვეობით) აბონენტისათვის ძირითადი სატელეფონო მომსახურებისა და სხვა (დამატებითი) მომსახურების გაწევას.

2. მომსახურების პირობები
2.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად მომსახურებას წარმოადგენს აბონენტისათვის ოპერატორის მიერ გაცემულ ნომერზე (VoIP ტექნოლოგით) ხმოვანი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა.
2.2. აბონენტისათვის სატელეფონო ნომრის/ნომრების გაწერა/გააქტიურება შესაძლოა განხორციელდეს ოპერატორის მიერ აბონენტის კუთვნილ შესაბამისი ტექნოლოგიის აპარატურაში;           
2.3. აბონენტისთვის გასაწევ ძირითად მომსახურებაში მხარეები გულისხმობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობას (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებითა და/ან მის გარეშე) საქართველოს ეროვნულ სისტემაში შემავალ და ოპერატორის ქსელში გააქტიურებულ ნუმერაციებზე, აგრეთვე საერთაშორისო ზარის (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებით) განხორციელების შესაძლებლობასა და სააბონენტო ნომრის (შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ) ხელმისაწვდომობას ოპერატორისა და სხვა ქსელის მფლობელი პირის აბონენტებისათვის.
2.4. საქართველოს კანონმდებლობით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას მის კონფიდენციალურობასა და გარეშე (მესამე პირის/პირების) არასანქცირებული ხელმისაწვდომობის დაუშვებლობას საკუთარი ქსელის ფარგლებში.
2.5. ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული მომსახურება ჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუ მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა, მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად ოპერტორისაგან მოთხოვილი მომსახურების მიღება.
2.6. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას ოპერატორი სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად მომსახურებას განახორციელებს იმ რესურსების გამოყენებით, რომლითაც გარანტირებული იქნება დისკრიმინაციისა და არასათანადო პირობების გარეშე აბონენტისათვის შესაბამისი სატელეკომუნკაციო მომსახურების მიწოდება.
2.7. ოპერატორის მიერ აბონენტისთვის ძირითადი მომსახურების გაწევა იწარმოებს იმ შემთხვევაში, თუკი აბონენტის მხრიდან დაცული იქნება ყველა სახელშეკრულებო პირობა.
2.8. აბონენტი ვალდებულია, ძირითადი მომსახურებით ისარგებლოს როგორც ბოლო მომხმარებელმა.
 
3. დამატებითი მომსახურების პირობები
3.1. ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ოპერატორი უფლებამოსილია დამატებითი შეთანხმების გარეშე გააქტიუროს და ხელმისაწვდომი გახადოს აბონენტისათვის ნებისმიერი სახის (მართლზომიერი) დამატებითი მომსახურება.
3.2. დამატებითი მომსახურება აბონენტს გაეწევა ოპერატორის მიერ დადგენილი პირობებით, რომლის შესახებაც აბონენტის ინფორმირება მოხდება სააბონენტო განაცხადში მითითებული საკონტაქტო საშუალებებიდან ერთ-ერთისა და ოპერატორის ვებ-გვერდის www.globaltel.ge-ის მეშვეობით.
3.3. დამატებითი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს ამ მომსახურებისათვის დადგენილი პირობების დადასტურებას აბონენტის მხრიდან.
3.4. ოპერატორი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მომსახურების პირობები, რომელსაც განათავსებს ოპერატორის ვებ გვერდზე globaltel.ge, რაც გულისხმობს საკუთარი შეხედულებით მომსახურების ფასის, მომსახურების ვადისა და სხვა დეტალების (მათ შორის, მომსახურების პირობებში ცვლილებების) დამოუკიდებლად, აბონენტთან შეთანხმების გარეშე, განსაზღვრის შესაძლებლობას. 
3.5. დამატებითი მომსახურების სახით ოპერატორი უფლებამოსილია შესთავაზოს აბონენტს ძირითადი მომსახურების მისაღებად და/ან მის დასაფინანსებლად საკრედიტო მომსახურება.
 
4. რეგრესული მოთხოვნები
4.1. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი ხელმისაწვდომს გახდის აბონენტისათვის მის ქსელში გააქტიურებულ ყველა სახის დაშვების კოდსა, თუ სხვა სახის ნუმერაციებს, რომლის მეშვეობით აბონენტს მესამე პირებისაგან გაეწევა სასყიდლიანი თუ უსასყიდლო სატელეკომუნიკაციო და არასატელეკომუნიკაციო მომსახურება.
4.2. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე მუხლის 4.1. პუნქტში მითითებულ მესამე პირთა მიერ აბონენტისათვის გასაწევ მომსახურების ხარისხზე, სანდოობასა და ჯეროვნად შესრულებაზე ოპერატორს არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
4.3. ოპერატორი უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესით აბონენტის ერთჯერად ინფორმირებას ქსელში გააქტიურებულ და აბონენტისათვის ხელმისაწვდომ იმ დაშვების კოდებსა და ნუმერაციების თაობაზე, რომლის მეშვეობით გათვალისწინებულია მესამე პირებისაგან სასყიდლით თუ უსასყიდლოთ სატელეკომუნიკაციო ან/და არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
4.4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლში მითითებული ცალკეული მომსახურების გამწევი პირების თანხმობისა და მათთან სათანადო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისაგან გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებას და შესაბამის ანგარიშსწორებას, რის თაობაზეც აბონენტს ეცნობება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
4.5. წინამდებარე მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის წინაშე ხსენებულ მესამე პირთა მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევაზე. შესაბამისად, ამ მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია არ შეიძლება წარედგინოს ოპერატორს. საფასურის გადახდის შემდგომ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ამ საფასურის უკან დაბრუნებასა და/ან გადახდილი სადავო თანხის სამომავლო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლასთან მიმართებაში პრეტენზიით აბონენტმა უნდა მიმართოს მომსახურების გამწევ სუბიექტს. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს მომსახურების გაწევის შემდგომ და გაწეულ მომსახურებას სადავოდ ხდის აბონენტი, ოპერატორთან ანგარიშსწორების ვალდებულება აბონენტს გააჩნია მანამ, ვიდრე მომსახურების გამწევი პირი, სასამართლო, ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ გააუქმებს ანგარიშსწორების ვალდებულებას.
 
5. ცვლილებები მომსახურების პირობებში
5.1. ოპერატორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად და დამატებით მომსახურების პირობებში.
5.2. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ცვლილებების თაობაზე აბონენტს უნდა ეცნობოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
5.3. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შედის აბონენტის შეტყობინებიდან 30-ე დღის მომდევნო კალენდარული დღიდან, თუ ამ ვადის განმავლობაში აბონენტი წერილობით უარს არ განაცხადებს ამ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.
5.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, ძალაში შესული ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, რომლის შესრულება სავალდებულოა წინამდებარე ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებისათვის.
5.5. მომსახურების ცვლილებად არ განიხილება სატელეფონო ზარის ტერმინაციის, სატელეფონო ზარის აკრეფისა და ტერმინალური მოწყობილობის გამოყენების წესის ცვლილება, აგრეთვე ახალი დამატებითი მომსახურების გააქტიურება და/ან არსებულის დეაქტივაცია და სხვა ისეთი ქმედებანი, რომელიც გულისხმობს სერვისის დახვეწვას, გაუმჯობესებას, მოდერნიზებას, მომსახურების ცალკეული პირობების დაზუსტებასა და წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას.
5.6. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები არ მოქმედებს ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პირობების ცვლილებებთან მიმართებაში.
 
6. ტექნიკური ხარვეზი და მისი აღმოფხვრის პირობები
6.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას შეიძლება ადგილი ჰქონეს ტექნიკურ ხარვეზს და მისგან შედეგობრივად მომსახურების დროებით შეფერხებასა და აგრეთვე, შეუძლებლობას, რაც არ შეიძლება განიხილებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად.
6.2. ოპერატორი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას საკუთარი ქსელის ფარგლებში ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აფერხებს და შეუძლებელს ხდის აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.
6.3. ის ტექნიკური ხარვეზი, რომლის მოქმედების არეალი სცილდება ოპერატორის ქსელს და წარმოადგენს აბონენტის მხარეს, აღმოფხვრას ექვემდებარება აბონენტის ხარჯით, რომელიც წინსწრებით უნდა იქნეს გადახდილი.
6.4. ტექნიკური ხარვეზი, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღმოფხვრას ექვემდებარება გონივრულ (მაქსიმალურად სწრაფ) ვადაში, არსებული შეფერხების მასშტაბის გათვალისწინებით.
6.5. საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად აბონენტი ვალდებულია სათანადო ხანგრძლივობით დაუშვას ოპერატორი მის ტექნიკურ მოწყობილობებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გადაცდომაზე.
6.6. ოპერატორს არ ეკისრება ვალდებულება, შესაბამისად პასუხისმგებლობა, აბონენტის ტექნიკური მოწყობილოებების გამართულად ექსპლოატაციის უზრუნველყოფასა და მათ შეკეთებაზე.
6.7. ოპერატორი უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში განახორციელოს გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები, რასაც შედეგობრივად შეიძლება სდევდეს აბონენტისათვის მომსახურების გაწევის შეფერხება. აღნიშნულის თაობაზე აბონენტს ეცნობება წინასწარ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის გზით.
6.8. ოპერატორის ხარჯით დასაფინანსებელი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის (მათ შორის, პროფილაქტიკური სამუშაოების) პერიოდში აბონენტს არ ერიცხება რაიმე საფასური და ამ ხნის განმავლობაში ჩერდება ოპერატორის მიმართ მიმდინარე ვალდებულების შესრულების ვადა, ხოლო ვადადამდგარი ვალდებულების შესრულება კი გადაუვადდება ამ პერიოდით.
 
7. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
7.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და აბონენტისაგან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების საფასური მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე და ასევე ხელშეკრულების დანართში, რომელსაც აბონენტი დეტალურად გაეცნო და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
7.2. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს საავანსო / სადეპოზიტო წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ აბონენტს ამ ხელშეკრულებით გათვალსწინებული ძირითადი, დამატებითი და ოპერატორის მიერ ამ ხელშეკრულების მიხედვით აბონენტისათვის გადახდევინებას დაქვემდებარებული მესამე პირთა მომსახურების გაეწევა იწარმოებს მის (აბონენტის) მიერ ოპერატორისათვის წინსწრებით გადახდილი საავანსო თანხის ფარგლებში.
7.3. წერილობითი მოთხოვნა ბალანსის შესყიდვის შესახებ უნდა გაიგზავნოს ოპერატორის კორპორატიული კლიენტების მომსახურების განყოფილების ელ-ფოსტაზე globaltel@globalmail.ge, სადაც მითითებული უნდა იყოს სააბონენტო ნომერი და ბალანსის შესავსებად სასურველი თანხის ოდენობა.
7.4. მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხდება ოპერატორის მიერ გაგზავნილი შესაბამისი ინვოისის საფუძველზე და წარმოებს ეროვნულ ვალუტაში. ბალანსის შევსება ხორციელდება ანგარიშსწორების შემდეგ მიმდინარე სამუშაო დღის განმავლობაში.
7.5. აბონენტისათვის მომსახურების საფასურის დარიცხვა წარმოებს საბილინგო მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიმართ, ვიდრე სხვა რამ არ იქნება დამტკიცებული, ვრცელდება უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
 
8. პასუხისმგებლობა, მომსახურების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. მომსახურების შეზღუდვა - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსახურების შეზღუდვა დაიშვება აბონენტის წინასწარი შეტყობინებიდან 3 დღის შემდგომ, სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს. შეზღუდული მომსახურების აღდგენა ხდება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე.
8.3. მომსახურების შეწყვეტა - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსახურების შეწყვეტა დაიშვება აბონენტის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 60 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.
8.4. მომსახურების შეჩერება - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსახურების დროებით შეჩერება შესაძლებელია სააბონენტო ნომრის შენარჩუნებით სააბონენტო გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარი გადახდით ან მისი გადახდის გარეშე (რა დროსაც სატელეფონო ნომერი დროებით სარგებლობისაში შესაძლოა გადაეცეს სხვა მომხმარებელს).                   
 
9. ნომრის სტატუსი და ვადა          
9.1. აქტიური - მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, დადებითი ბალანსის შემთხვევაში.
9.2. ცალმხრივად გათიშული - მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ბალანსის ამოწურვისთანავე.
9.3. ორმხრივად გათიშული - მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარულ დღეში.
9.4. ტერმინირებული - ორმხრივად გათიშვიდან 120 დღეში.
 
10. დავის გადაწყვეტის მექანიზმი
10.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები სადაო საკითხს გადაწყვეტენ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
 
11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
11.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში.
11.2. თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე წერილობითი ფორით არ აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ეს ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად იგივე პირობებით მომდევნო 1 წლის ვადით.
11.3. ოპერატორის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს აბონენტის მხრიდან ანგარიშსწორების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის/დარღვევის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
11.4. აბონენტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს ოპერატორისთვის გაგზავნილი წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
11.5. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ასევე შესაძლებელია ორმხრივი წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11.6. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად და სრულად შესრულებისაგან.
11.7. წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და საფუძვლით.
 
12. ფორს-მაჟორი       
12.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებ¬ლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათ¬ვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში.
12.2. ,,დაუძლეველი ძალის” ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა, საკანონმდებლო ცვლილებები და ა.შ), რომლებიც არ არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ.     
12.3. მხარე, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელებს ფორს-მაჟორულ გარემოებებს (დაუძლეველი ძალა), ვალდებულია მათი დადგომისთანავე აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ დადაასტუროს მათი არსებობა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, გადა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ გამოცხადებული იქნება სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯაროდ, საინფორმაციო და მასობრივ საშუალებებში.
 
13. დასკვნითი დებულებები
13.1. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ბათილობასა და ძალადაკარგულობას, თუ აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია შეთანხმებული საგნის მიღწევა.
13.2. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის კომუნიკაცია შეიძლება წარიმართოს ყველა შესაძლო ფორმით (მათ შორის, ელექტრონულად, მხარეთა ელ.ფოსტის მისამართების გამოყენებით), მათ შორის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფორმატში.
13.3. კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში მხარეები ვალდებულები არიან მიუსადაგონ წინამდებარე ხელშეკრულება ამ ცვლილებებს.
13.4. ყველა ის საკითხი, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.5. ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) მაღალი ხარისხის დაცვას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აბონენტი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.
13.6. წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულები არიან, დაუყოვნებლივ  შეატყობინონ ერთმანეთს ამავე ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების ცვლილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძველ მისამართზე გაგზავნილ ყოველ შეტყობინებას სდევს იურიდიული შედეგები, მიუხედავად იმისა ადრესატს ფაქტობრივად ჩაბარდება თუ არა აღნიშნული შეტყობინება.
 
ბეჭდვა